გია ვოლსკი – რუსთავის საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ბადრი ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის ამომრჩეველი ნდობას არ გამოუცხადებს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას, ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაში იყო ბრალდებული, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდა.

„მისი და მისი მეგობრების მხრიდან განმარტება ან დასტური, რომ გამართლება აქვს ამხელა თანხის გამოტანას და გაქრობას, ვერ მოვისმინეთ. არც რუსთავის საზოგადოებაა ამ საკითხებში გაურკვეველი. ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძის ამ გზით დაბრუნება პარლამენტში არ შედგება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად გუშინ შეუწყვიტა.  მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.