მედია – რუსეთმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ თავისი ძალები 7 000 ჯარისკაცით გაზარდა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 7 000-მდე ჯარისკაცი დაამატა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ახლა დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ თავისი ძალები 7 000 ჯარისკაცით გაზარდა. ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს მოლაპარაკებებისა და დეესკალაციის შესახებ, მაშინ როცა არაოფიციალურად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ. აშშ მინიშნებებს იღებს იმის შესახებ, რომ რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ყალბი საბაბი გაავრცელოს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად“, – აღნიშნა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარის გაყვანა ჯერჯერობით არ შეინიშნება.