აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა ხუთშაბათს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ამერიკელი სენატორები უკრაინის დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ და გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას.

რეზოლუციაში წერია, რომ ამერიკა გმობს რუსეთის სამხედრო მობილიზებას უკრაინის საზღვართან. რეზოლუციას აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა, მისი მიღების წინააღმდეგ ხმა არცერთ სენატორს მიუცია.

„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენულობის მიმართ მხარდაჭერაში“, – განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა.

სენატის მიღებულ რეზოლუციას არ აქვს სამართლებრივი ძალა, თუმცა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსგან უკრაინის დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ ურყევი მხარდაჭერის ნიშანია. სენატმა რეზოლუცია მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინას რამდენიმე დღეში დაესხას თავს.