სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.