პაატა მანჯგალაძე – რუსეთი დიდია, მაინც მოგვერევა და ბაბაია დავუძახოთ, ეს არის მხდალი ადამიანების პოზიცია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს, რადგან რუსეთთან ასეთი საუბარი მის იმპერიალისტურ ზრახვებს ახალისებს.

მისივე განცხადებით, რუსეთის მიმართ დასავლეთის პასუხი მტკიცე უნდა იყოს.

„იგივე პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოსაც, რადგან არ შეიძლება, საქართველოს პუტინის კეთილი ნების ანაბარა დატოვება. ჩვენ ე.წ. არგაღიზიანების პოზიცია გვაქვს, რაც სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გამო დასავლეთი რუსეთს არ უნდა დაუპირისპირდეს. ახლა განცხადებების დრო არ არის, ახლა არის მოქმედებების დრო. მოქმედება იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთი საქართველოშიც მსგავსი სცენარის განვითარებას უფრო მეტ სიღრმეში გადაწყვეტს, იმ ხალხს ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაპირებთ, გვქონდეს ადეკვატური იარაღი. ადეკვატური იარაღი ნიშნავს, რომ გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი იმისთვის, რომ შესაბამისი თავდაცვითი შეიარაღება გვქონდეს.

ახლა რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, პირველ რიგში აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა იმისთვის, რომ თუ მსგავსი სცენარი განვითარდა და დააპირებენ მაგალითად ცენტრალური მაგისტრალის აღებას ან დედაქალაქის ალყაში მოქცევას შეეცდებიან, ჩვენ შესაბამისი იარაღი უნდა გვქონდეს. ძალიან მავნე და დამაზიანებელი რიტორიკაა, რომ ომს აზრი არ აქვს, რუსეთი დიდია, მაინც მოგვერევა და ბაბაია დავუძახოთ, ეს არის მხდალი ადამიანების პოზიცია და საქართველო ასე არ მოსულა, საქართველო მოვიდა ბრძოლით. ჩვენ არავის არ ვემუქრებით. საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და რუსეთთან საუბარი შეიძლება მხოლოდ საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ფარგლებში. რუსეთს ომს ვერ მოვიგებთ, მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის საქართველოში ადვილი გასეირნება არ იქნება და შესაბამისი ფასის გადახდა მოუწევს. თუ რუსეთი საქართველოში შემოსვლას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, მას დიდი ფასის გადახდა მოუწევს. რუსეთი მუშაობს იმაზე, რომ მეზობელი ქვეყნები ომის გარეშე ფსიქოლოგიურად გატეხოს, ასეთი ბევრი სახელმწიფო ვიცით. თუ ჩვენს თავისუფლებას ვერ დავიცავთ, რუსეთი ამით ისარგებლებს. არავინ საუბრობს ომზე და იმაზე, რომ სტავროპოლი ავიღოთ, მაგრამ თუ რუსეთი საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტს, აქ დიდი ფასის გადახდას არავინ აპირებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.