სანქცირებულია 351 პირი – უკრაინის რადამ რუს დეპუტატებსა და უსაფრთხოების საბჭოს წევრებს სანქციები დაუწესა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და უშიშროების საბჭოს წევრებს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გამო სანქციები დაუწესა.

სანქციები როგორც პერსონალური ისე ეკონომიკური იქნება. უკრაინის რადაში გადაწყვეტილებას მხარი 322-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო და 22-მა თავი შეიკავა.

უკრაინული მედიის ცნობით, სიაში სულ 351 ადამიანია, მათ შორის ალექსანდრე ბოროდაი, ნიკოლაი ვალუევი, გენადი ზიუგანოვი, პიტერ ტოლსტოი, მოჭადრაკე ანატოლი კარპოვი და მოციგურავე ირინა როდნინა.

სანქციები მოიცავს, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას, უკრაინის რადიოსიხშირული რესურსების გამოყენების აკრძალვას, ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეზღუდვას ან შეწყვეტას, ობლიგაციების გაცემის სრულ ან ნაწილობრივ აკრძალავს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას და სხვა.

გარდა ამისა, ზომები ვრცელდება სავაჭრო ხელშეკრულებების, ერთობლივი პროექტებისა და სამრეწველო პროგრამების შეწყვეტაზე გარკვეულ სფეროებში, კერძოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.