კიევში განგაშის სიგნალი ისმის, მოსახლეობა თავშესაფრებში გადასვლისთვის ემზადება

უკრაინის დედაქალაქ კიევში განგაშის სიგნალი ისმის. მოქალაქეებს მიწისქვეშა თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ. სარაკეტო სროლა უკრაინის დედაქალაქში და დიდ ქალაქებში ხორციელდება. მათ შორის არის ოდესა, ხარკოვი, მარიუპოლი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უკრაინამ სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.

დღეიდან კიევში დაიკეტება საბავშვო ბაღები და სკოლები. ქალაქის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, რომელიც არ წარმოადგენს ე.წ. ოფიციალურ მუშაკებს, დარჩნენ სახლში და მზად იყვნენ, თავი შეაფარონ მიწისქვეშა თავშესაფრებს. გავრცელდა რუკა, რომელზეც მითითებულია თავშესაფრების მისამართები.

განგაშის სიგნალი, რომელიც კიევში ისმის, მიუთითებს იმაზე, რომ საჰაერო დარტყმის საშიშროება არსებობს.

ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუგანსკის ოლქში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ორი სოფლის აღება შეძლეს. კიევის გასასვლელთან უკვე შეიქმნა საცობი, მოქალაქეების დიდი ნაწილი კიევის დატოვებას ცდილობს.