“ამოვიდა ყელში ამათი მონოტონური რიტორიკის აბდაუბდობა! გადაგდება და მოტყუება!”

გიორგი ტიგინაშვილი

ივრისპირელი

პუბლიცისტი

-“ნორმალურ, ეროვნულ და პასუხისმგებლობით სავსე სახელმწიფოში, როცა ფორსმაჟორული ვითარებაა და ესკალაციისა თუ სოციალური ჯანყის რეალური საფრთხეა, ხელისუფლება უნდა მოიქცეს პრინციპულად საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ და არა რაღაც ვითომ “ლიბერალ-დემოკრატიული ფასეულობების” საამებლად. შესაბამისად, იმისათვის რათა ეკონომიკური კოლაფსი და მწვავე ფინანსური კრიზისი დაიძლიოს, საჭიროა რამდენიმე ეგოცენტრული და მერკანტილური ბიზნეს ჯგუფის მიმართ გარკვეული ზეწოლის განხორციელება, ერთგვარი ჩაძიებისა და რევიზიის სახით, რომელიც რაღაც კონდიციაში მათ დაპატიმრებასა და ქონების კონფისკაციასაც უნდა გულისხმობდეს, რამეთუ მათი მხრიდან წარმოებული საბოტაჟი, ავანტიურა და დეპრესიული ფონის ინსპირაცია, ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და შეიცავს ანარქისტულ თუ მომხმარებლურ ინტერესებს, რაც თავის მხრივ მიმართულია თავკომბლა კაპიტალისტების კიდევ უფრო გაზლუქებისკენ და უღატაკესი მოსახლეობის, ანუ ჩვენი გენოფონდის საბოლოო ლიკვიდაციისკენ!

მთავრობამ, ფისკალური და მონეტარული წიაღსვლები კი არა, სახალხო პოლიტიკა უნდა გაატაროს და პრობლემის მოგვარება საკუთარი თავიდან დაიწყოს!

რაც შეეხება მარიხუანასა და ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასა თუ ლეგალიზაციას, ამ მომენტისათვის ამის დრო ნამდვილად არაა და ეს საპროტესტო აქციებიც მართული მგონია, თუნდაც მხოლოდ იმ მოტივით რომ ქაოსი და დაძაბული ატმოსფერო სუფევდეს.

აგრეთვე, აუცილებლად უნდა აიკრძალოს ჯ. სოროსის ფონდის საქმიანობა საქართველოში, რამეთუ მისი დამფუძნებელი ყველასათვის ცნობილი ბიოთაღლითია, რომელიც სამყაროში დისჰარმონიის, აურზაურისა და მღელვარების შემოტანითაა დაკავებული.

გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციული ძალაა და ყველაზე დესტრუქციულ-სუბკულტურული სექტა, მაგრამ ქართული ოცნების უნიათობა, ჭირვეულობა და ქამრების მოჭერის პოლიტიკის გატარების დროს მხოლოდ ქვედა ეშელონების რიგით თანამშრომლებზე წარმოებული სეკვესტრი, ხოლო თანამდებობის პირთა ცინიკური თავხედობის უფრო მეტად გაზრდა (უახლესი ავტომობილები, პრემიები, დანამატები) სხვა არაფერია თუ არა ამომრჩეველთა გადაგდება და მოტყუება! სირცხვილია ამდენი გაუმაძღრობა და პროვინციული სიხარბე! ამოვიდა ყელში ამათი მონოტონური რიტორიკის აბდაუბდობა!

 

კომენტარის დატოვება