უკრაინის თავდაცვის მინისტრი – გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი გახდა ევროპული, ახლა ნახევარი ევროპა კრებს, ალაგებს, მოაქვს ჩვენთან იარაღი და დამცავი აღჭურვილობა

„ძვირფასო უკრაინელებო! 96 საათიანი წინააღმდეგობა. გამარჯვების, გამბედაობის, თავდადებისა და რწმენის 4 დღე,“- ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა სოციალური ქსელით უკრაინელებს და მათ მადლობა გადაუხადა.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინული ომი ევროპული გახდა.

„ბოლოს და ბოლოს, გუშინ იყო ნამდვილი შემობრუნება. ომი ევროპული გახდა. უკვე ნახევარი ევროპა აგროვებს, აწყობს, აგზავნის ჩვენთან იარაღს და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა რეალური დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფოების სპექტრი და მასშტაბები.

ევროპამ უკვე მიანიჭა დროებითი თავშესაფარი ათი ათასობით მათგანს, ვისი გადარჩენაც ყველაზე მეტად გვინდა – ჩვენს შვილებსა და მათ დედებს. ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, როგორც თავისიანებს. ახლა დასავლეთით საზღვარი არ გვაქვს. მაგრამ, მხარდაჭერა გვაქვს სამხრეთში, შორეულ აღმოსავლეთში და ატლანტის ოკეანის გადაღმაც.

ეს ყველაფერი ჩვენი დამცველებისა და მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა განრისხებული ტირანის მორჩილებაზე და ვინც აუცილებლად გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას!“ – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.