ევროკომისიაში აცხადებენ, რომ იძულებით გადაადგილებულ უკრაინელთა რაოდენობამ შესაძლოა, შვიდ მილიონს გადააჭარბოს

ევროპა ბოლო წლების უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ იძულებით გადაადგილებულ უკრაინელთა რაოდენობამ შესაძლოა, შვიდ მილიონს გადააჭარბოს. ამის შესახებ ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეს ლენარჩიჩმა ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ამჟამად იძულებით გადაადგილებული უკრაინელების მოსალოდნელი რაოდენობა არის შვიდ მილიონზე მეტი, და ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, თუ ეს აგრესიის ომი გაგრძელდება, ისინი აღმოჩნდებიან ჰუმანიტარული დახმარების სასწრაფო საჭიროების წინაშე. ჩვენ ვართ თვითმხილველები მოვლენის, რომელიც შესაძლოა, ევროპის კონტინენტზე მრავალი წლის უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი გახდეს. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჰუმანიტარული საჭიროებები იზრდება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით დაზარალებული ხალხის დახმარება“, – განაცხადა ევროკომისარმა.