ხატია დეკანოიძე – პრემიერი ღიად ატარებს რუსულ პროპაგანდას, წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსულ გზავნილებს ემთხვეოდა

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო არის უკრაინელი ხალხის თავგანწირვისადმი სოლიდარული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღიად ატარებს რუსულ პროპაგანდას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერი რუსულ გზავნილებს იმეორებს.

„ეს პროპაგანდა კრემლის არხების გზავნილებს ერთი-ერთში ემთხვევა. მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსულ გზავნილებს ემთხვეოდა, მაგრამ იმას, რასაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ადასტურებს, რომ რუსეთის გავლენის აგენტი არის საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად იმისთვის მუშაობს, რომ საქართველო დასავლეთს დააცილოს. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი დაჩქარებული წესით უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას აპირებს, რასაც ევროკავშირი ძალიან მალე განიხილავს, ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრად რუსეთის გავლენის აგენტი გვყავს. ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს, რადგან მისი საქმიანობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ძირგამომთხრელია. ღარიბაშვილის განცხადებები ასახავს საქართველოს ხელისუფლების გზავნილს, რაც არის რუსული ინტერესების გაძლიერება. ჰიბრიდული ომის რუსული პროპაგანდა ღარიბაშვილის განცხადებებს ერთი-ერთში ემთხვევა. ჩვენი უკრაინელი მეგობრები 2008 წლის ომს იყენებენ იმისთვის, რათა მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ ეს იყო ის, რაც საქართველოში დაიწყო და შემდეგ უკრაინაში გაგრძელდა, ირაკლი ღარიბაშვილი კი, რუსულ გზავნილებს იმეორებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.