თეა წულუკიანი – ოპოზიცია ცანცარებს, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი კი არა, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს

დღეს ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს და ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი კი არა, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს პარტია „ომს ტელეფონით აწარმოებდა“.

„ეს არის ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტაშფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს და ზეიმობდა მაშინ, როდესაც, ალბათ, ჩვენი ზოგიერთი გმირი ჯერ კიდევ ბოლო წამებს ითვლიდა და სულს ღაფავდა. ეს არ იყოს ისე, რომ დაიხოცა ყველა, ვეღარ გამოგვყავს და მარტო ეს გადადეს გვერდზე. ეს იყო ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისასაც ომს აწარმოებდა ტელეფონით. ვინ ვინ და მე მათ შორის ვარ, ვინც ეს ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ აწარმოა ამ ხალხმა ომი, როდესაც ერთი მტკიცებულებაც კი არ დატოვა, რომელსაც ჩვენ სტრასბურგში, სამართლებრივ დავაში რუსეთს მაგიდაზე დავუდებდით და დასაცინად არ გავახდევინებდით თავს. წლები დაგვჭირდა ჩვენ, „იუსტიციელებს“, პროკურორებს, პოლიციელებს, გენშტაბის წევრებს და ჯარისკაცებს, რომ მრავალი წლის შემდეგ მტკიცებულებები შეგვეგროვებინა იმისათვის, რომ თქვენმა შვილებმა, ამ ვერდიქტზე დაყრდნობით გაამთლიანონ ქვეყანა. ეს ხალხი დღესაც არის ცეკვა-თამაშის ხასიათზე, თუმცა ხანდახან შეიძლება სიმღერაც იყოს დარდის გამომხატველი, თუმცა ამის უკან დგას ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ალტერნატიულ სამყაროს ქმნიან და ისე ცდილობენ იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის“, – აღნიშნა წულუკიანმა.