დავით ზალკალიანი: მაშინ როდესაც კიევი დაცლილია და იქ სულ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება, ჩვენი საელჩოს თავზე ქართული დროშა ჯერ კიდევ ჰკიდია

ჩვენი სოლიდარობის, მხარდაჭერის და ურყევი პოზიციის გამოხატულებაა ისიც, რომ მაშინ როდესაც კიევი დაცლილია და სულ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება შემცირებული რაოდენობით, კიევში, ჩვენი საელჩოს თავზე ქართული დროშა ჯერ კიდევ ჰკიდია , – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო იმ უპრეცედენტო მხარდაჭერის სრული თანამონაწილე და გამზიარებელია, რომელსაც ქვეყნების უკრაინის მიმართ გამოხატავენ.

„გვქონდა შეხვედრა ჩვენს უკრაინელ კოლეგასთან. პრემიერის დავალებით, მე მას გადავეცი, მზაობა რომ საქართველომ უკრაინას გამოუყოს ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული ჰუმანიტარული დახმარება და ეს დახმარება მოგეხსენებათ უკვე გაგზავნილია. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზაობა, რომ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, უსასყიდლოდ განვათავსოთ სასტუმროებში და მათ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ. მსგავსი სახის ჰუმანიტარული დახმარებები აუცილებლად გაგრძელდება. პრემიერის, დავალებით მე მონაწილეობა მივიღე ეუთოს მუდმივი საბჭოს სპეციალურ სხდომაში, სადაც ძალიან მწვავე შეფასებები გავაკეთე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი სოლიდარობის, მხარდაჭერის და ურყევი პოზიციის გამოხატულებაა ის, რომ მაშინ როდესაც კიევი დაცლილია და სულ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება შემცირებული რაოდენობით, ქართული დროშა ჯერ კიდევ ჰკიდია კიევში ჩვენი საელჩოს თავზე. მე შევთავაზე მათ წამოსვლა, ძალიან კარგად ვიცი, რომ საფრთხე ემუქრებათ, ფიზიკური საფრთხე ემუქრებათ მათ, მაგრამ ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ისინი იქ უნდა დარჩნენ. რა თქმა უნდა წამოვიყვანეთ მათი ოჯახის წევრები. ისინი დღე და ღამეს ათენებენ იმისთვის, რომ ჩვენ მოსახლეობას იქ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ჩვენ უკრაინელ და-ძმებს ჰქონდეთ ეს სოლიდარობის განცდა და მე მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. დღეს რა უპრეცედენტო მხარდაჭერაცაა უკრაინის მიმართ, ამ მხარდაჭერის სრული თანამონაწილე და გამზიარებელია ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ზალკალიანმა.