მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს მიეცეს – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს მიეცეს.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სტატუსი, რასაც უკრაინას სთავაზობენ, საქართველომაც უნდა მოიპოვოს.

ამასთან, სამადაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაზე იფიქროს, მხოლოდ ოპოზიციასთან თავდასხმებით არის დაკავებული.

“უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პერსპექტივას მათი სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის სთავაზობენ. თუ საქართველო მსგავსი დაცვის ქოლგის ქვეშ ვერ მოხვდა, ეს არ აზიანებს მხოლოდ ჩვენს მომავალს ევროკავშირში, ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის. ამიტომ, უნდა მოხდეს საზოგადოების სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა განხორციელდეს და ამავე დროს ამ საკითხს ევროკავშირში ლობირება გავუწიოთ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.