თინა ბოკუჩავა საპარლამენტო უმრავლესობას: გაემიჯნეთ ბატონი ღარიბაშვილის განცხადებებს!

„გაემიჯნეთ ბატონი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომელზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც ომში იმყოფება ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამხედრო ძალასთან მსოფლიოში, დრო მოძებნა და თქვა, რომ არის მომენტები, როდესაც ხალხი არის უკეთესი, ვიდრე მთავრობა, არის მომენტები როდესაც მთავრობა არ წარმოადგენს ხალხს და მათ მადლობა გადაუხადა იმ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რამდენიმე დღეა იკრიბება რუსთაველის გამზირზე“, – ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას.

მისი თქმით, საქართველო დღეს ისტორიულ მომენტში იმყოფება, როდესაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება.

„რატომ გამოდის ამდენი ახალგაზრდა ქუჩაში? რატომ ივსება რუსთაველი? თუ თქვენ გჯერათ, როგორც ქალბატონი ტალიაშვილი მის ტვიტერზე წერს, რომ ეს რომელიმე ოპოზიციური ჯგუფის მიერ მოდელირებული, შეკრებილი, ორგანიზებული ან წაქეზებული პროტესტია?

ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი, რომლებიც ვერ იტანენ იმას, რომ ჩვენი ეროვნული ღირსება ითელება, ვერ იტანენ იმას, რომ პრემიერი ღარიბაშვილის სიტყვების გამო რუსი პროპაგანდისტები ზეიმობენ, ვერ იტანენ იმას, რომ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ ქართველები „გამოჯანმრთელდნენ“ და ციტირებენ სწორედ, ირაკლი ღარიბაშვილს!“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.