ვახტანგ მეგრელიშვილი – ახლა მთავარია ვიცოდეთ, რუსებმა რომ ტანკები გადაქოქონ, რას ვაკეთებთ

ახლა მთავარია ვიცოდეთ, რუსებმა რომ ტანკები გადაქოქონ, რას ვაკეთებთ,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველოს მკაფიო პოზიცია ჰქონდეს ჩამოყალიბებული.

„მგონია, რომ არის რაღაც საკითხები, რაც ეკონომიკას და რუსეთისთვის რკინიგზის გადაკეტვას კი არ ეხება, არამედ ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ სანქციებს, რომელიც ჩვენ არ გამოგვაჩენს განსხვავებული პოზიციის საზოგადოებად. ჩვენ არ შეიძლება ახლა გამოვჩნდეთ როგორც ბელორუსი. არ წარმომიდგენია ახლა მოლდოვა და საქართველო როგორ შეიძლება არ იყოს ფაქტობრივად სინქრონიზებულ პოზიციაზე უკრაინასთან, ევროკავშირთან. აღმოჩნდა, რომ უკრაინა ყველაზე დასავლური ქვეყანაა. ჩვენთვის ახლა მთავარია მართლა ვიცოდეთ, რუსებმა რომ ტანკები გადაქოქონ, რას ვაკეთებთ. მთავარია, რომ მკაფიო პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული. ესაა პოლიტიკური სპექტრის ამოცანა“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.