დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა ცეცხლი სკოლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით გახსნეს – მოკლულია 3 ადამიანი, დაჭრილთა შორის ბავშვიცაა

„დონეცკის ოლქში, დღის განმავლობაში, რუსმა ჯარებმა 3 ადამიანი მოკლეს, 22 დაჭრეს. დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სახლებს, ორ სკოლას, თონეს, მაღაზიას. პოლიცია საგულდაგულოდ აფიქსირებს და დოკუმენტურად აღწერს რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგებს“, – აღნიშნულია უკრაინის ნაციონალური პოლიციის განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპანტებმა 17 დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში.

„წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 36 ობიექტი დაზიანდა. სოფელ სტარი-კრიმში განადგურდა 46-ე სკოლა და თონე. მარიუპოლში რუსი სამხედროების სამიზნე იყო კომუნალური კომპანია, სკოლა და მაღაზია ქალაქის ცენტრში“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები იყო სტაროდუბოვკას, ჟელანოეს, სვეტლოდარსკის, ავდეევკასა და კრამატორსკის მიმართულებით.