დახურეთ ცა ახლავე! – კულება პარტნიორებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, დახურონ საჰაერო სივრცე და ამითაც გამოხატონ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

დმიტრო კულება ,,ტვიტერზე” ენერგოდარის ფოტოს აზიარებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ქალაქის დასაცავად ოკუპანტებს წინ გადაუდგნენ და წერს, რომ ეს არის სახალხო ომი, რომელსაც პუტინი ვერ მოიგებს:

,,ეს არის ნამდვილი სახალხო ომი უკრაინისთვის. პუტინს მისი მოგების შანსი არ აქვს. ამ ფოტოზე მშვიდობიანი მოქალაქეები გუშინ ენერგოდარში რუს დამპყრობლებს ბლოკავენ. ასობით ასეთი ფოტოდან და ვიდეოდან ერთ-ერთი. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინას თავის დაცვაში. განსაკუთრებით ჰაერში. დახურეთ ცა ახლავე!” წერს დმიტრო კულება.