„პუტინი წარდგება ჰააგის ტრიბუნალის წინაშე და ციხეში ჩაჯდება ომის დანაშაულებისთვის“ – პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პოლონურ ტელეარხზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთის არმიას და პრეზიდენტ პუტინს კიევის დაკავების შანსი არ აქვთ. ამის შესახებ interfax წერს.

„უკრაინაში ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიყოთ თავისუფლები, დემოკრატიები, ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპელები… ჩვენ არასდროს ვნებდებით. არ არსებობს შანსი, რომ კიევი პუტინს გადაეცეს. ჩვენ კარგად ვართ ორგანიზებულები და ვართ ერთიანები“, – განაცხადა პოროშენკომ.

პოროშენკომ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინაში უკვე ბევრი რუსი სამხედროა დაღუპული, თუმცა პუტინს ამის აღიარება არ სურს. ამის გამო უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა პუტინს მატყუარა უწოდა.

„პუტინი არ ცნობს ამ მონაცემებს, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის მატყუარაა. უკრაინის ქალაქების ნანგრევები, ხარკოვიდან ირპენამდე, ხერსონიდან ბუჩამდე, აჩვენებს, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის მსგავსია. პუტინი წარდგება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე და ციხეში ჩაჯდება ომის დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსები ფასს გადაიხდიან ყოველი უკრაინელი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლის სანაცვლოდ. მან უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა პუტინის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი, „ჯოჯოხეთური“ სანქციები დააწესონ.

„რუსებმა უნდა იგრძნონ, რამდენად საშიშია მათთვის პუტინის მხარდაჭერა“, – განაცხადა პოროშენკომ.