კანადის სოფელ ლიტონში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძარს, სავარაუდოდ, მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კანადის სოფელ ლიტონში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძარს, სავარაუდოდ, მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები დაკარგულების ძებნას შეეცადნენ, თუმცა ხანძრისგან გამოწვეული სახიფათო პირობების გამო მათ დასახლებულ პუნქტში შესვლა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის კოლუმბიაში გუშინ, საღამოს მონაცემებით, 136 აქტიური ტყის ხანძარი ფიქსირდებოდა.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მშრალი, ცხელი ამინდი მომავალ კვირაშიც გაგრძელდება, რაც ხანძრების გაკონტროლებას შეაფერხებს.

შეგახსენებთ, რომ კანადაში ბოლო კვირის განმავლობაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა რამდენჯერმე დაფიქსირდა და ზოგიერთ ტერიტორიაზე 50 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.