ამერიკელთა 70%-ზე მეტი მხარს უჭერს უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას

აშშ-ის მოქალაქეთა დიდი ნაწილი როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან, მხარს უჭერს არასაფრენი ზონების დაწესებას უკრაინაში.  აღნიშნულ განწყობებს ასახავს კვლევა, რომელიც სააგენტო Reuters-მა და კომპანია Ipsos-მა მიმდინარე კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს ჩაატარეს.

Reuters-ის მიხედვით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამერიკელთა აღშფოთება იზრდება, რაც ზეწოლას ახდენს პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, მოსკოვის წინააღმდეგ უფრო აგრესიული მოქმედებების განსახორციელებლად. მიუხედავად ამისა, ბაიდენი ამ დრომდე უარს ამბობს უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე, ნატოსა და რუსეთს შორის ღია კონფლიქტის რისკის გამო.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ უცნობია, სრულად აცნობიერებენ თუ არა არასაფრენი ზონის დაწესების მომხრე რესპონდენტები კონფლიქტის რისკს. მეორე მხრივ, გამოკითხულთა უმრავლესობა წინააღმდეგია როგორც აშშ-ის ჯარების გაგზავნისა უკრაინაში, ისე უკრაინის არმიის მხარდასაჭერად ავიადარტყმების განხორციელების.

ამერიკელთა 74% — მათ შორის, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების უმრავლესობა — მხარს უჭერს აშშ-ისა და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას.