ანრი ოხანაშვილი – რომელი საღად მოაზროვნე ადამიანი განიხილავს დღეს, ამ სიტუაციაში რუსულ ბაზარზე შესვლას?!

რომელი საღად მოაზროვნე ადამიანი განიხილავს დღეს, ამ სიტუაციაში რუსულ ბაზარზე შესვლას?! – ვინ განიხილავს, რომ არიქა და, რუსულ ბაზარზე გარბის, რა სისულელეა! – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კამათი სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში რძის პროდუქტების ექსპორტი ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობაა, უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ.

,,ქართული ოცნების“ დეპუტატებს განმარტებების გაკეთება ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ მოსთხოვა. დეკანოიძეს ანრი ოხანაშვილმა უპასუხა.

,,ყველაფერს აქვს საზღვარი – რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში თითქმის 20 წელი ვერ წევრიანდებოდა. აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპანტი რუსეთის შესვლას საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მხარი რომ დაუჭირა, ქვეყნის ეროვნული ინტერესი რა იყო?! რომ არა ჩვენი მხარდაჭერა, ისე რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ვერ შედიოდა! 2008 წლის ომის, დაბომბვისა და ხალხის გაუბედურების შემდეგ, 2012 წელს რუსეთთან უვიზო რეჟიმი რატომ შემოიღეთ? ხალხი თქვენს დემაგოგიას ისმენს“, – მიმართა ხატია დეკანოიძეს ანრი ოხანაშვილმა.