ომის დაწყებიდან უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 801 კი დაშავდა – გაერო

ომის დაწყებიდან უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 801 დაშავდა. მათგან უმრავლესობა ავიაიერიშებისა და დაბომბვების შედეგად დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ლიზ ტროსელი აღნიშნავს, ეს რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალი უნდა იყოს, თუმცა ზუსტი მონაცემების მიღებას ვერ ახერხებენ.

„ბიბისის“ ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ჟურნალისტია.

როგორც მედია წერს, გაერო ასევე შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის მხარდამჭერი პირების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ხორციელდება. ასევე გაერო-ს მონაცემებით, რუსეთში უკრაინაში ომის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯამში 12 700 ადამიანი დააკავეს.