ნაკლებად მჯერა განცხადებების, რომ რუსეთის მოქალაქეთა ფილტრაციას ახდენენ და საფრთხე რუსეთისგან არ მომდინარეობს – პაატა მანჯგალაძე

ნაკლებად მჯერა განცხადებების, რომ რუსეთის მოქალაქეთა ფილტრაციას ახდენენ და საფრთხე რუსეთისგან არ მომდინარეობს, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომ სახელმწიფო საზღვარი კონტროლდება და 180- მდე ადამიანი ქვეყანაში არ შემოუშვეს.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, რთულია ამ საკითხთან დაკავშირებით მშვიდად ყოფნა.

„ქალაქში აშკარად შეიმჩნევა მოზღვავება რუსი მოქალაქეების. ახლა მნიშვნელოვანია ნამდვილად მოხდეს ფილტრაცია, ვინ არის მართლა დევნილი, ტურისტი და ვინაა პროპაგანდისტი ან ვინ შეიძლება იყოს სავარაუდო დივერსანტი. ეს არის სპეცსამსახურების საქმე, მე ვისურვებდი ნამდვილად მშვიდად ვიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნების” პირობებში, ამის განცდა არ მაქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა შს მინისტრის განცხადებას, რომ ომია და არ უნდა უფრო მძიმედ ისაუბროს ზელენსკის მიმართ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ზელენსკის ინგლისის პარლამენტში ფეხზე წამოუდგნენ, როგორც თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანს. მართლა ვერ გავიგე რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს „ქართული ოცნების” ხელისუფლებას. ძალიან მძიმეა, მაგრამ მაინც ვიტყვი ამას, ალბათ, რაზეც გული სწყდებათ ისაა, რომ “ქართული ოცნების” მსგავსი ხელისუფლება რომ ჰყოლოდა უკრაინას, კარგა ხნის კაპიტულირებული იქნებოდა, ალბათ ამას ვერ პატიობენ ზელენსკის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.