პანიკას ხელს უწყობს „ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც აორგანიზებს და ახალისებს იმას, რომ თითქოს შესაძლოა, რაიმე პროდუქტი აღარ იყოს – ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივ პანიკას მაღაზიებში, სადაც კონკრეტული ადამიანები ყიდულობენ პროდუქციას და ამ პანიკას ხელს უწყობს „ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც აორგანიზებს და ახალისებს იმას, რომ თითქოს შესაძლოა რაიმე პროდუქტი აღარ იყოს, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობაზე ექსპერიმენტებს ატარებს და მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამით ცდილობს, გაამართლოს ქმედება, თუ რატომ არ უერთდება საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივ პანიკას მაღაზიებში, სადაც კონკრეტული ადამიანები ყიდულობენ პროდუქციას და ამ პანიკას ხელს უწყობს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც აორგანიზებს და ახალისებს იმას, რომ თითქოს, შესაძლოა, რაიმე პროდუქტი აღარ იყოს, ან ამ მიმართულებით რაიმე პრობლემა შეიქმნას და ამასობაში არავინ არ უხსნის მოსახლეობას, რომლებიც მაღაზიაში დიდი ოდენობით შაქარს ყიდულობენ, რომ 99%-ით ჩვენ არ ვართ დამოკიდებული არც რუსეთზე, არც უკრაინაზე და არც ბელარუსზე. შაქარი შემოგვაქვს სხვა ქვეყნებიდან როგორიცაა: ბრაზილია, თურქეთი, მექსიკა, აზერბაიჯანი და ა.შ.

ხელისუფლება ერთადერთი რამის გამო ატარებს ექსპერიმენტს საკუთარ მოსახლეობაზე, უნდა რომ ასეთ მძიმე ვითარებაში შემდეგ გაამართლოს თავისი მოღალატეობრივი მოქმედებები, რომელიც უკავშირდება იმას, რომ არ უერთდება სანქციებს, რომელსაც რუსეთს ცივილიზებული სამყარო უწესებს და ამით ცდილობს ადამიანებს აჩვენებს, რომ აი, თურმე როგორი პანიკა იქნება და როგორი პრობლემები შეიქმნება ბაზარზე იმ შემთხვევაში, თუ სანქციებს შევუერთდებით. ეს წამოცდენა ჰქონდა გუშინ მდინარაძეს, რომელმაც დღის ბოლოს გააკეთა განცხადება, რომ წარმოიდგინეთ სანქციების შემთხვევაში რა დაგვემუქრებაო. არადა შაქრის მაგალითიც მეტყველებს იმაზე, რომ ბაზარზე პროდუქციის არანაირი პრობლემა არ იქნება.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პრობლემა პროდუქცია რომ არ იქნება იმაში კი არ არის, არამედ პრობლემა არის ლარის გაუფასურებაში, ინფლაციაში და ფასების ზრდაში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ხელისუფლების არაფრისმაქნისობასთან და ფაქტობრივად იმაზე, რომ ამ მიმართულებით არაფერს არ მუშაობენ და ახლა ცდილობენ ეს ყველაფერი გადააბრალონ იმას, რომ თურმე უკრაინაში ომია, თურმე ჩვენ სანქციებს ვერ შევუერთდებით და ცდილობენ საკუთარი უმოქმედობის გამართლებას აი, ასეთი მოქმედებებით, როცა ასეთ მძიმე ვითარებაში საკუთარ მოსახლეობაზე ატარებენ ექსპერიმენტებს. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ პროდუქციის პრობლემა ნამდვილად არ იქნება, განსაკუთრებით შაქარზე, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არაა რუსეთის აგრესიულ მოქმედებებთან უკრაინაში,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.