ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მორიგი მნიშვნელოვანი წარმატებაა, დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს ოკუპაციას – მიხეილ სარჯველაძე

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის მოსალოცი ამბავია, ვინაიდან დოკუმენტში ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ჰააგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის მორიგი მნიშვნელოვანი წარმატებაა.

„როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გასული წლის 21 იანვარს, მაშინაც ითქვა, რომ ეს იქნება საქართველოსთვის ბევრი წარმატების დასაწყისი ანტისაოკუპაციო მიმართულებით, სამართლებრივ ჭრილში. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკურად ებმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საქართველოსთვის, რომლის მთავარი გამოწვევა და პრობლება გახლავთ ოკუპაცია, სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეიარაღება და შესაბამისად, ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს ერთმნიშვნელოვნად საქართველოსთვის მოსალოცი ამბავია, ვინაიდან დოკუმენტში ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის. აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა.