ეს არის საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როცა პარლამენტი უსმენს საქართველოს პრეზიდენტს – არჩილ თალაკვაძე

ეს არის საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როცა პარლამენტი უსმენს საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტისგან ელიან, რომ მის ანგარიშში მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

,,ჩვენ ველით პრეზიდენტის მოხსენებაში ინფორმაციას და აქცენტებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ველით ასევე ანგარიშს თუ რა საერთაშორისო ნაბიჯები და კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე საერთაშორისო სარბიელზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რასაკვირველია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ეკონომიკის აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში, ამ საკითხებზე მოვისმენთ პრეზიდენტის ანგარიშს”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, პრეზიდენტი პარლამენტს დღეს მოხსენებით მიმართავს.