პრეზიდენტი ზურაბიშვილი ისე საუბრობდა, თითქოს სხვა პლანეტიდან იყოს, ყველაფერზე მაღლა დგას და არ არის აქაური პოლიტიკური პროცესების ნაწილი – გიგა ბოკერია

ჩვენ დღეს ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს, სხვა პლანეტიდან იყოს,ყველაფერზე მაღლა დგას და არ არის აქაური პოლიტიკური პროცესების ნაწილი – საკუთარ დანაშაულსა ან შეცდომაზე არაფერს იძახის, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას.

როგორც ბოკერია განმარტავს, პრეზიდენტი მხოლოდ მომავალზე ფიქრობს და სადღეგრძელოებს ამბობს.

„თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს ადამიანი, რომელიც ახლა პოლარიზაციას გმობს, ყველა რომ დამნაშავეა საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავით-გარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი ავტორი იყო. ,,სისხლიანი ბანერებით” და მოსყიდვით ვინ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად? ეს არის ის ადამიანი. საკუთარ დანაშაულსა ან შეცდომაზე არაფერს იძახის.

მომავალზე მხოლოდ სადღეგრძელო და ნახევარსიმართლე მოვისმინეთ – აბსურდული განცხადებები. თურმე, ვაშინგტონში და ბრიუსელში არ უნდა გაიგონ, რომ ცუდად იქცევა ივანიშვილის რეჟიმი. არანაირი ნაბიჯები, რომელსაც თვითონ დგამს ამ ვითარებაში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც დღესაც კი თავის გამოსვლებში საქართველოს ადანაშაულებს, თურმე საქართველომ არგუმენტები მისცა რუსეთს შემოჭრისთვის.

ამიტომ მიმაჩნია საგანგაშოდ ამით აღფრთოვანება. სალომე ზურაბიშვილზე დიდი პრობლემაა, საზოგადოების ნაწილში ამ ყველაფრის უგულებელყოფა. წარსული გააზრებული რომ არ აქვს, საკუთარ პასუხისმგებლობას რომ არ იღებს, არც კონკრეტული არ არის კონკრეტულ ნაბიჯებში. პრეზიდენტია, მიმომხილველი ან ოპოზიციონერი ხომ არ არის. გადადგას ეს ნაბიჯი, თუნდაც პარტიულ, პოლიტიკურ პარტიებთან.

ერთიანობაზე რომ საუბრობს და „ქართული ოცნება“ პუტინისტურ პროპაგანდას მიერეკება, ყურს არ იბერტყავს, შემდეგ რას აკეთებს, როგორც პრეზიდენტი? რეალურად უპირისპირდება? მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობს“,- აღნიშნავს ბოკერია.