საერთაშორისო საზოგადოებას დღეს უთხარით, რომ საქართველოს პრეზიდენტის დევნას იწყებთ – სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

„იძულებული ვარ შეგახსენოთ, დღეს საერთაშორისო საზოგადოებას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას და დევნას იმისთვის, რომ მან ქართველ ხალხთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა“, – ასე მიმართა პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

„დღეს „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ოპოზიციის წარმომადგენელს მიეცეს შესაძლებლობა წარმართოს ევროინტეგრაციის პროცესი, ხელისუფლებაში გააჩენს მაღალ მოლოდინს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ თქვენი ხელისუფლების პირობებში მაღალი მოლოდინის ქონა დიდი სიბრიყვე იქნებოდა.

ამიტომ, დღეს როდესაც ფაქტობრივად დააანონსეთ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის მზადება, იძულებული ვარ შეგახსენოთ თქვენ, დღეს საერთაშორისო საზოგადოებას უთხარით, რომ იწყებთ პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას და დევნას იმისთვის, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის აქ პარლამენტის წინ მოედანზე.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პრეზიდენტ მაკრონს და პრეზიდენტ მიშელს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ევროკავშირში გაწევრიანების მომავალზე ესაუბრა. იმისთვის, რომ გაბედა და დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიციები, რომელიც სრულ აცდენაშია „ქართული ოცნების“ პოზიციებთან, მაგრამ სინქრონში არის დასავლეთის პოზიციებთან.

ამიტომ, არანაირი მოლოდინი თქვენს წარმატებასთან დაკავშირებით ცხადია არავის აქვს. ამ ყველაფრის პარალელურად ამ დარბაზში წარმოდგენილ უმრავლესობის წევრებს მინდა ვკითხო. პრეზიდენტზე თავდასხმის ნაცვლად ხომ არ არის დრო, რომ აქ ისაუბროთ იმ უმძიმეს გამოწვევებზე, რომლის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი?“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.