ომის შემდეგ აღდგენისთვის უკრაინას 565 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება – დენის შმიგალი

წინასწარი გათვლებით, რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას 565 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პოლონეთის, სლოვენიის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე პოლონეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„წინასწარი გათვლების თანახმად, უკრაინის პირდაპირი ზარალი 565 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რეალურად, ეს არის ის თანხა, რაც საჭირო იქნება ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობა იმუშავებს იმისათვის, რომ რუსეთის სახსრები და ქონება საზღვარგარეთ დაყადაღდეს.

„გვჯერა, რომ პარტნიორი ქვეყნებიც შეუერთდებიან ამ ფართომასშტაბიან გეგმას“, – განაცხადა შმიგალმა.

მისივე ინფორმაციით, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მუშაობს რუსული აგრესიის შედეგად უკრაინის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად.