ილია მეორე – ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო

მინდა, მოვუწოდო ჩვენს მრევლს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ, მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში.

„სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

მინდა, მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის.

ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის მქონე ამ ლოცვით:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნთესავისა ქრისტიანეთასა, ამინ“ (ვთქვათ სამჯერ).

ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა, გადაარჩინე საქართველო და მსოფლიო!

კვირას, 20 მარტს, კი სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის და პანაშვიდი ამ ომში გარდაცვლილთათვის. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვიწყალოს, ამინ“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.