ჰააგის სასამართლო – რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები

ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: „არც ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ორგანიზაციამ თუ ცალკეულმა პირმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარებიან, არ უნდა განაგრძონ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, ასევე აგრესიის ესკალაცია“.

სასამართლო დასკვნაში წერია, რომ უკრაინას აქვს უფლება, გაასაჩივროს რუსეთის ფედერაციის მიერ გენოციდში მხილების ცრუ ფაქტი, რაც რუსეთმა სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბად გამოიყენა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საბაბით დაწყებული სამხედრო მოქმედებები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, აყენებს მატერიალურ ზიანს ქვეყანასა და მოქალაქეებს, რადგან იწვევს ქალაქებისა და შენობების განადგურებას, ინფრასტრუქტურის მოშლას. ეს ვითარება დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს“, – წერია დასკვნაში.

ბრძანებაში სასამართლო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, შექმნილი ვითარების გართულება და მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება.