წმინდანები და ცხოველები – რას მოგვითხრობს ბიბლია…(ვიდეო)

სოფია არველაძე

არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი

წმინდანები და ცხოველები

ბიბლია მოგვითხრობს, რომ სამყაროს შექმნას ღმერთმა ექვსი დღე მოანდომა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. აი, სწორედ მეექვსე დღეს, მან შექმნა ყოველი ნადირი და ცხოველი. მათ შემდეგ კი ადამიანი; და ადამიანი დააყენა ყველა ქმნილების გამგებლად. პირველმა ადამიანმა ადამმა დაიარა მთელი სამოთხე, დაათვალიერა ყველაფერი და შემდეგ ცხოველებს მათი ბუნებისდა მიხედვით სახელები უწოდა. ცხოველები ადამიანს მსახურებივით მორჩილებდნენ, მათ შორის არ იყვნენ ავი და საშიში ცხოველები, არამედ სამოთხეში ყველა მეგობრულად ცხოვრობდა. მაგრამ, როგორც იცით, ეშმაკმა შური აიღო და გადაწვიტა ადამიანი გაეუბედურებინა, მან ადამიანები აცდუნა და მათაც დაკარგეს სამოთხე. ადამიანების შეცოდებამ დედამიწაზე ყველაფერს დააჩინა დაღი, რადგან ადამიანი იყო გვირგვინი ყველა ქმნილებისა. შეიცვალა ბუნება, შეიცვალნენ ცხოველები, ზოგიერთი ცხოველი მტაცებელ მხეცად იქცა, სხვები შხამიანად და ასე ბევრი მათგანი საშიში გახდა ადამიანისათვის. რაც უფრო მეტად ცოდავდნენ ადამიანები და ამრავლებდნენ უსჯულოებას, მით უფრო სასტიკი ხდებოდა ბუნება. სამყაროს გასასტიკება რომ ადამიანთა ცოდვის უშუალო შედეგია იქიდანაც ვხვდებით, რომ ცხოველები და ფრინველები, მთები და მდინარეები, ყოველი ქმნილება განწმენდილ და ღმერთშემოსილ ადამიანებს ისევე ემორჩილება დღესაც, როგორც მრავალი საუკუნის წინ ჯერ კიდევ უცოდველ ადამს მორჩილებდა. ჩვენ შეგვიძლია მრავალი მაგალითი მოვიტანოთ ამისა, ამჯერად ყველაზე ცნობილი შემთხვევები შევარჩიეთ:

ელია წინასწარმეტყველი და ყორანი

ელია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე ცხრაასი წლით ადრე ცხოვრობდა. მის დროს ისრაელის სამეფოში მეფე აქაბი მეფობდა, რომელსაც წარმართი ცოლი ჰყავდა. დედოფალმა მეუღლე გადაიბირა და კერპებისათვის აცემინა თაყვანი. მეფის ცუდმა მაგალითმა ხალხიც წაახდინა და მთელი ერი კერპთაყვანისმცემლობაში ჩაცვივდა, ჭეშმარიტ ღმერთს ყველამ ზურგი აქცია. შეშფოთებულმა ელიამ ბევრი ეცადა ხალხი გონს მოეყვანა, მაგრამ არაფერმა გასჭრდა, მაშინ მან ილოცა და სამი წელი ერთი წვეთი ნამიც კი არ ჩამოვარდნილა ქვეყნად. საშინელი შიმშილობა ჩამოწვა, ხალხი მიხვდა თავის შეცდომას და მოინანიეს, მაგრამ დედოფალი კი ძალიან განრისხდა და ილიას დევნა დაუწყო. ილია გაიქცა და ერთ მიუვალ გამოქვაბულს შეაფარა თავი. აქ იგი ერთხანს დარჩა სრულიად მარტო, მაგრამ ღმერთმა არ დატოვა თავისი წინასწარმეტყველი: ყოველდღე მოფრინდებოდა ერთი ყორანი და ელიასთან ერთი პური მოჰქონდა ხოლმე. ასე ემსახურებოდა ყორანი ელიას ღვთის ლოცვა-კურთხევით.

ეგნატე ღმერთშემოსილი და ლომები

ერთხელ მოწაფეებმა იესო ქრისტეს ჰკითხეს: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვცხონდეთო? იესომ აიყვანა იქვე, მის ფეხებთან მჯდომი ყრმა, მკერდზე მიიხუტა და თქვა: აი, ვინც არ იქნება ისეთი, როგორიც ეს ყრმაა, ჩემს სასუფეველში ვერ შემოვაო.

ვინ იყო ეს ყრმა? ეს იყო ეგნატე, რომელსაც წრფელი გულით უყვარდა უფალი და მიუხედავად ასაკის სიმცირისა, მუდამ თან დაჰყვებოდა. შემდგომშიც, როცა წამოიზარდა, სულ ამას იმეორებდა: ჩემს გულში უფლის უტკბესი სახელი – იესო – ოქროს ასოებით სწერიაო. ეგნატე დაუღალავად უქადაგებდა ყველას ქრისტიანობას და ბევრი მოაქცია კიდეც, რითაც დიდად გააგულისა ქრისტეს მტრები. მათ ეგნატე შეიპყრეს და გადაწყვიტეს უსასტიკესი სასიკვდილო სასჯელი დაედოთ. ბოლოს ასეთი რამ მოიფიქრეს: ლომები ძლიერ აშიმშილეს და ასე დამშეულ მხეცებს შესაჭმელად ეგნატე შეუგდეს, თან ამ სანახაობას უამრავი ხალხი დაასწრეს. მაგრამ ჯალათები დიდად გაწბილდნენ: დამშეული ლომები მორჩილად მიუახლოვდნენ ეგნატეს, თავები მოუდრიკეს, შემდეგ მის ფეხებთან დაწვნენ და ლოკვა დაუწყეს. ხალხი ჯერ გაოგნდა, შემდეგ კი აყიჟინდა: ჭეშმარიტად ეგნატეს ღმერთია ერთადერთი ღმერთიო. ამან ჯალათები გონს ვერ მოიყვანა, პირიქით, უფრო განრისხდნენ. ეგნატეს კი ძლიერ სურდა, მალე მიახლებოდა უფალს და საუკუნოდ მასთან ყოფილიყო სასუფეველში, ამიტომ მან ლომებს უთხრა: კეთილო ცხოველებო, აბა, შეასრულეთ ჩემი ლოცვა-კურთხევა და აღასრულეთ, რაც ამ ადამიანებს სურთ შემამთხვიონო. მაშინ ლომები წამოდგნენ და მართლაც ეგნატე სულ ნაფლეთებად აქციეს, მაგრამ მათ პირი არ დააკარეს მის გულს. ჯალათებმა რომ ეს დაინახეს, თქვეს: ეს კაცი ამბობდა, რომ მის გულში იესოს სახელი ოქროს ასოებით სწერია, მოდი, გავჭრათ და ვნახოთ, თუ ასეაო. ერთმა ჯალათმა გულს მახვილი დაჰკრა და შუაზე გაჭრა. მართლაც, გულში ოქროს ასოებით ამოტვუფრულიყო უტკბესი სახელი უფლისა – იესო.

მაკარი და აფთარი

ალექსანდრიის ერთ უდაბნოში ცხოვრობდა ერთი წმინდა მამა, სახელად მაკარი. მას ბინა ერთ მიგდებულ გამოქვაბულში ჰქონდა და მთელ დღეებს ლოცვაში, მარხვასა და შრომაში ატარებდა. მისი გამოქვაბულის შორიახლოს სორო გაეკეთებინა ერთ აფთარს. ერთხელ, მაკარი ლოცვად იდგა. ამ დროს მას აფთარი მოუახლოვდა, კბილები კაბაში ჩაავლო და გასასვლელისაკენ ექაჩებოდა. მაკარის გაუკვირდა და გონებაში თქვა: ნეტავი რა უნდა ჩემგან ამ მცეხსო? და გაჰყვა. აფთარმა თავის სოროსთან მიიყვანა, შიგ შევიდა, იქიდან სამი უსინათლო ლეკვი გამოიყვანა და წმინდა მამას ფეხებთან დაუსვა. მაკარი კიდევ უფრო გაკვირდა, შემდეგ ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს ამ ლეკვებისათვის თვალის ჩინის მიცემას შეევედრა. ღმერთმა ისმინა თავისი სათნომყოველი ბერის ლოცვა და აფთრის ლეკვებს თვალები აეხილათ. მაკარიმ ლეკვები დედას მისცა და თავის გამოქვაბულში დაბრუნდა. საღამოხანს აფთარი კვლავ გამოჩნდა, პირით ვერძის ტყავს მოათრევდა. შევიდა გამოქვაბულში, მაკარის ფეხებთან მოწიწებით დააფინა ვერძის ტყავი, თავი დაუხარა და უკან გაბრუნდა. წმინდა მამას გაეცინა: როგორი მალიერება გამოხატა ამ მხეცმაო.

შიო მღვიმელი და მხეცები

წმინდა შიო მღვიმელი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ მას ბერებმა შესჩივლეს, მონასტრის ფარას მხეცები შეეჩვივნენ და მოსვენებას არ გვაძლევენო. მამა შიომ ილოცა და ღმერთს შეევედრა, ყველა ოთხფეხი მასთან მოგროვილიყო. მართლაც, დაასრულა თუ არა ლოცვა, ტყიდან გამოსვლა და მის გარშემო მოგროვება იწყეს მხეცებმა. ყველა რომ შეგროვდა, წმინდა შიომ მხეცებს ადამიანებივით დაუწყო დარიგება და ბოლოს უბრძანა, ტყეში ღრმად შესულიყვნენ და ამიერიდან მონასტრის ძმობა აღარ შეეწუხებინათ, მხოლოდ ერთი მათგანი დარჩენილიყო წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოსასყიდად. მხეცებმი მართლაც გადაიხვეწნენ, მხოლოდ ერთი მგელი დარჩა. ღირსმა მამამ მგელს უბრძანა ამიერიდან ცხვრები ემწყემსა. მართლაც, რამოდენიმე წელიწადი მგელი მორჩილად ასრულებდა წმინდა მამის ლოცვა-კურთხევას. ბოლოს, მამა შიოს შეეცოდა მგელი და ტყეში გაუშვა, თან დააბარა, თქვენმა მოდგმამ მონასტრის ფარას არაფერი ავნოსო. მართლაც, ამ ამბის შემდეგ მონასტრის ცხვრებს მხეცები აღარ აწუხებდნენ.

იოანე ზედაზნელი და დათვები

წმინდა იოანეს ლოცვით ზედაზნის მთაზე მშვენიერი გემოს მქონე წყარო აღმოცენდა. ამიერიდან მონასტრის ძმებს წყლისთვის შორს წასვლა აღარ უხდებოდათ. მაგრამ ერთ დღეს წყაროზე წასულ ერთ ბერს თავს უზარმაზარი დათვი წაადგა. შეშინებული მოწაფე ყვირილით გაიქცა მონასტერში და მამა იოანეს დათვის შესახებ უამბო. წმინდა მამამ მშვიდად გასწია წყაროსაკენ და დათვს მიმართა: თუ გწყურია, დალიე წყალი და წადი, ამ მთის მკვიდრთ კი ამიერიდან ნურაფერს ავნებ. დათვმა რომ ეს სიტყვები გაიგონა, მორჩილად მიბრუნდა და წავიდა. მას შემდეგ დათვების მოდგმა ამ მთის მკვიდრთ აღარ ერჩოდა და არცერთ ადამიანს მათგან ვნება არ მიჰყენებია.

დავით გარეჯელი და ირმები

ღირსი მამა დავითი გარეჯის უდაბნოში დასახლდა თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად. გარეჯი მეტად ხრიოკი ადგილი იყო და იქ ბალახიც არ ხარობდა. შეწუხდა ლუკიანე, აქ რა უნდა ვჭამოთო. მოძღვარმა დაამშვიდა, ღმერთი გვასაზრდოებსო. მართლაც, ამ საუბარში რომ იყვნენ, მათთან სამმა ირემმა მოირბინა. მამა დავითმა ლუკიანეს ირმები გამოაწველინა, რძით სავსე ჯამს ჯვარი გადასახა და რძე ყველად აქცია. როდესაც ისადილეს, ლუკიანემ მოძღვარს უთხრა: ახლა შენი ლოცვის შედეგის მხილველი საზრდელზე არასოდეს ვიდრტვინებ და მუდამ ღმერთს მივენდობიო. ირმები ყოველ დღე აკითხავდნენ მამა დავითსა და მის მოწაფეს ოთხშაბათ-პარასკევის გარდა, როცა სამარხო დღეები დგებოდა.

თამარ მეფის ლომის ბოკვერი

ერთხელ შირვანის შაჰმა თამარს ძღვნად ერთი ლომის ბოკვერი გამოუგზავნა. დროთა განმავლობაში ბოკვერი გაიზარდა, ისე დიდი და საზარელი გახდა, რომ არც შინ და არც გარეთ მისი მსგავსი ცხოველი არავის ენახა. დარბაზში რომ შემოიყვანდნენ, ორმაგი ჯაჭვითაც ვერ იჭერდნენ, მაშინვე თამარისაკენ გაიქცეოდა, თავს კალთაში ჩაუდებდა და ლოშნას დაუწყებდა. ხოლო თუკი დაიჭერდნენ და დააბამდნენ, თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდებოდა.

ღირსი მამა სერაფიმე საროველი და დათვი

ღირსმა მამა სერაფიმემ ისეთ სულიერ სიმშვიდეს მიაღწია, რომ მის დანახვაზე ტყის ნადირიც მოწიწებით იმსჭვალებოდა. სავანის სტუმრებს ხშირად უნახავთ მამა სერაფიმეს გვერდით უზარმაზარი დათვი, რომელსაც ის საკუთარი ხელით აჭმევდა. დათვი თურმე ზოგჯერ ტყეში მიდიოდა, შემდეგ კი კვლავ უკან ბრუნდებოდა. ბერი ხან საკუთარი ხელით აჭმევდა მას, ხანაც თავის სტუმრებს სთხოვდა დათვის დაპურებას.

გრიგოლ ხანძთელი და ირმები

ხანძთის მონასტრის მახლობლად უღრანი ტყეები მდებარეობდა, სადაც ხშირად ნადირობდნენ ხოლმე ქართველი თავადები. ირმებს დადევნებულები არაერთხელ აღმოჩენილან გრიგოლ ხანძთელის კელიასთან, სადაც დამფრთხალი ირმები მორბოდნენ და მონადირეებს თავს წმინდა მამასთან აფარებდნენ.

წმინდა გერასიმე და ლომი

წმინდა გერასიმე იორდანელს ძლიერ უყვარდა ცხოველები, აჭმევდა, ეალერსებოდა, კურნავდა მათ. ერთხელ ღირსი გერასიმე იორდანეს უდაბნოში ლომს გადააწყდა, რომელსაც თათი დაწყლულებოდა. მივიდა მხეცთან, ჭრილობიდან ხიწვი გამოუღო, წყლული გაუწმინდა, ტილოთი შეუხვია და გაუშვა, მაგრამ ლომი აღარ მოსცილდა. იმ დღიდან ლომი მამა გერასიმეს ერთგული მსახური შეიქმნა და მის სახედარს დარაჯობდა, რომელსაც მონასტრიდან შორს მდებარე წყაროდან წყალი მოჰქონდა. ერთხელ სახედარი მოიპარეს, მაშინ ლომი თვითონ უზიდავდა ბერებს წყალს. ღირსი გერასიმეს გარდაცვალების შემდეგ ლომმა მოიწყინა, ავად გახდა და ერთ დღესაც წმინდანის საფლავზე ნახეს მკვდარი.

ღირსი ზოსიმე და ლომი

ერთხელ ღირსი მამა ზოსიმე კესარიაში მიემგზავრებოდა. ჯორზე უამრავი ტვირთი აეკიდა. უცებ მის ჯორს თავს მშიერი ლომი დაეცა და შეჭამა. ღირსმა მამამ ლომს უთხრა: მეგომარო, მე ამ სიმძიმე ტვირთის ზიდვა რომ არ შემიძლია? მაშინ მოდი, მომეხმარე, ტვირთი ქალაქამდე მიმატანინე და მერე დაბრუნდი ტყეშიო. ლომმაც მორჩილად აიკიდა ტვირთი და მამა ზოსიმეს ქალაქამდე მიატანინა, რის შემდეგაც წმინდანმა ლომი უკან გაუშვა.

წმინდა მამაჲ

კესარიაში ცხოვრობდა ერთი წმინდა ბერი, სახელად მამაჲ. იგი იმდენად განწმენდილი იყო, რომ ბუნების ძალებზე საკვირველ ხელმწიფებას ფლობდა: მის სამყოფელთან ყოველდღე იკრიბებოდნენ უდაბნოს მკვიდრი პირუტყვები და წმინდა სახარების კითხვას ისმენდნენ. წმინდანი მხოლოდ გარეული თხებისა და ირმების რძით იკვებებოდა. ქრისტიანობის დაუფარავი აღიარებისათვის იგი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მხეცებმა არაფერი ავნეს; მას თვით მძვინვარე ლომიც არ მიეკარა, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა. ამ ლომზე ამხედრებული წმინდა მამაჲს გამოსახულება აღბერჭდილია ძველ ქართულ ხელნაწერებში და ვერცხლის დისკოზეცაა გამოკვეთილი.

კომენტარის დატოვება