ბლინკენი: მივიჩნევთ, რომ რუსეთმა ნიადაგი შეიძლება მოამზადოს ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სისასტიკეს სამხედრო დანაშაულად მიიჩნევს.

„დღეს იმის ძლიერი წარმოდგენა გვაქვს, რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთმა ნიადაგი შეიძლება მოამზადოს ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს, რათა უკრაინელ ხალხზე თავისი თავდასხმების ესკალაცია გაამართლოს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში კერძო სამხედრო ჯგუფებიდან და უცხო ქვეყნებიდან დაქირავებული მებრძოლების ჩაყვანას აპირებს.

„მათ გააძლიერეს დაბომბვა ხალხის ნების გატეხვის მიზნით. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინაში სამხედრო დანაშაულებია ჩადენილი. პირადად მე მას ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ნგრევის შემდეგ, მიჭირს იმ დასკვნის გაკეთება, რომ რუსები სხვაგვარად იქცევიან. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.