უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმსა და მიკოლაივში რუსული საოკუპაციო კოლონები გაანადგურეს – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმსა და მიკოლაივში რუსულ საოკუპაციო კოლონებს დიდი დარტყმა მიაყენეს, – ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, რუსების მთავარ სამიზნედ რჩება მარიუპოლი, იზიუმი, ხერსონი, ვოლნოვახა, მიკოლაივი. სწორედ ამ ქალაქებში მიმდინარეობს ბრძოლა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ.

„განადგურებულია რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის რვა სამხედრო დანაყოფი. ჩვენმა საჰაერო ძალებმა მტრის მხარეს ბოლო 24 საათში 12 სამიზნე გაანადგურეს“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

ბრიფინგზე არესტოვიჩმა მადლობა გადაუხადა საჯარისო შენაერთებს, რომლებიც ქალაქ მარიუპოლს იცავენ, უკრაინის საზღვაო ქვეით ჯარს, უკრაინის ეროვნულ გვარდიას და „აზოვის“ ბატალიონს.