,,უკრაინის შეიარაღებული ძალები ეხმარებიან რუს სამხედროებს ღვთის სამსჯავროსკენ მიმავალ გზაზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ეხმარებიან რუს სამხედროებს ღვთის სამსჯავროსკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკვე 25-ე დღეა, რაც რუსი სამხედროები ეძებენ და ვერ პოულობენ მათ მიერ გამოგონილ „ნაცისტებს“, რომელთაგან თითქოს უნდოდათ უკრაინელი ხალხის დაცვა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცნობია მარიუპოლის ხელოვნების სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს ინფორმაცია იმ რუს მფრინავზე, რომელმაც მარიუპოლის სკოლა დაბომბა და აუცილებლად ჩამოაგდებს.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან მოლაპარაკებებზეც ისაუბრა.

„მე ვესაუბრე ისრაელელ ხალხს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ესმის ჩვენი, როგორც თავისუფალი ხალხი. რა თქმა უნდა, ისრაელს აქვს თავისი ინტერესები, სტრატეგია თავისი მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენეტი ცდილობს, მოძებნოს გზა რუსეთთან მოლაპარაკებისთვის. და ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის – ყოველი ძალისხმევისთვის, რომლითაც ადრე თუ გვიან რუსეთთან საუბარს დავიწყებთ. შესაძლოა, იერუსალიმში. ეს არის მშვიდობის საპოვნელად სწორი ადგილი. თუ ეს შესაძლებელია“, – თქვა ზელენსკიმ.