რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე თავდასხმის შესაძლებლობა თითქმის დაკარგეს – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე თავდასხმის შესაძლებლობა თითქმის დაკარგეს.

„მტერმა უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე თავდასხმის უნარი დაკარგა და მხოლოდ ტაქტიკურ მოქმედებებს ატარებს, აგროვებს რეზერვებს, რომლებიც ჩვენი სარაკეტო ძალების, არტილერიისა და ავიაციის გამანადგურებელ დარტყმებს ექვემდებარებიან“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს ძლიერი დარტყმა მიაყენეს.

მტრის სრულ დანაკარგებზე საუბრისას, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა ჯარებმა გაანადგურეს 11 სატანკო ბატალიონი, ჯავშანტექნიკის 34 ბატალიონი, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის ხუთი ბატალიონი, 17 საარტილერიო ბატალიონი, თვითმფრინავების თითქმის ხუთი პოლკი და ასევე ვერტმფრენების ხუთი პოლკი.

„მთლიანობაში, ეს წარმოადგენს შემტევი რუსული არმიის სამ კომპლექტს, ანუ ჩვენ გავანადგურეთ სამი რუსული (სახმელეთო) არმია და ერთი საჰაერო არმია. სულ ოთხი არმია, 10 არმიიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰყავს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.