პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ყელმოღერებულმა განცხადებებმა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, კითხვის ნიშნები გააჩინა – პაატა მანჯგალაძე

პრემიერ – მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ყელმოღერებულმა განცხადებებმა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, კითხვის ნიშნები გააჩინა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც არასამთავრობო სექტორის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სანქციების ნაწილს საქართველო ავტომატურად შეერთებულია, ნაწილს კი ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად შეიძლება შეუერთდეს.

„ფინანსური კუთხით სანქციებს შეერთებული ვართ და გათიშულია სისტემიდან რუსული კომპანიები, საჰაერო მიმოსვლა საქართველოს რუსეთთან დიდი ხანია ისედაც შეჩერებულო აქვს, ბუნებრივად შეერთებულია სანქციებს საქართველო და ვერ გაიგეს ჩვენმა პარტნიორებმა, რას ეფუძნება მათი კეკლუცი, რომ სანქციებს არ უერთდება ქვეყანა. იმ სექტორებში, სადაც საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული, ვგულისხმობ ხორბლის იმპორტს, ენერგოსექტორს, ბუნებრივია, საქართველო საკუთარ თავს ვერ დაიზიანებს. ამ დროს ჩვენ რას გავაკეთებდით – პარტნიორებს ავუხსნიდით, რომ კონკრეტულ საკითხებში საქართველოს თავის სახელმწიფოებრივი ინტერესი აქვს, მაგრამ თუ მოხდება დივერსიფიცირება, ალტერნატიული წყაროების შემოთავაზება ამ ნაწილშიც საქართველო რა თქმა უნდა, შეუერთდება სანქციებს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.