ლექციები ირაკლი კობახიძემ თავის სტუდენტებს წაუკითხოს – „ქართული ოცნება” სამართლებრივ არგუმენტებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს – მანჯგალაძე

ლექციები ირაკლი კობახიძემ თავის სტუდენტებს წაუკითხოს – „ქართული ოცნება” სამართლებრივ არგუმენტებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილების განხორციელება პრეზიდენტის შეზღუდვას ემსახურება.

„ეს პროცედურა ემსახურება იმას, რომ შეზღუდონ პრეზიდენტი მის ფუნქციებში, რომ ყველა ქმედება, რომელიც არ მოეწონება ირაკლი კობახიძეს გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში. ნაცვლად იმისა, ვაჩვენოთ ერთიანობა, რომ მტკიცე ვართ ევროკავშირში და ნატო- ში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, დაკავებული ვართ კუდიანებზე ნადირობით. არანაირი უკიდურესი აუცილებლობა კომპეტენციებზე დავასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ეს ლექციები წაუკითხოს ირაკლი კობახიძემ თავის სტუდენტებს უნივერსიტეტში, არ ვიცი ახლა კითხულობს თუ არა. არანაირი საჭიროება, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, ქვეყანას არ აქვს. მე არ შევდივარ სამართლებრივ კაზუისტიკაში, ეს არის იურიდიულ კომიტეტზე განსახილველი რიგითი საკითხი, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური მდგენელი, რადგან ,,ქართული ოცნება” სამართლებრივ არგუმენტებს იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ამ შემთხვევაში, ყველამ ვიცით რა არის – პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის განსჯადობის საკითხის დაყენება,”- განაცხადა მანჯგალაძემ.