თქვენ რომ გილხინთ, კორუფციული სქემები რომ გაქვთ და დიდი შემოსავალი, ამიტომ ფიქრობთ, რომ ყველა დალხენილად ცხოვრობს – გიორგი ვაშაძე პრემიერს

ხალხს უჭირს ბატონი ირაკლი, თქვენ რომ არ გიჭირთ, რომ გილხინთ, კორუფციული სქემები რომ გაქვთ და დიდი შემოსავალი, ამიტომ ფიქრობთ, რომ ყველა დალხენილად ცხოვრობს – ასე მიმართა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართული ბრიფინგიდან  ღარიბაშვილს.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების” სტრატეგიაა, რომ სადაც პრობლემას ხედავს, თქვას, რომ ამის უკან ,,ნაციონალური მოძრაობა” დგას.

,,მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, თქვენი განცხადება მოწყვეტილია იმ უმძიმეს რეალობას, რაც ქვეყანაშია, ვწუხვარ, რომ თქვენ ედრებით ამერიკას და გერმანიას, მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ერთ- ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერ- მინისტრი, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა შიმშილის დასამარცხებლად და საკვების მოსაპოვებლად. აქციის მონაწილეებს უმარტივესი მოთხოვნა ჰქონდათ – გაუქმდეს აქციზის გადასახადი საწვავზე. იცით, რომელი აქციზის? რომელიც თქვენ და თქვენმა მთავრობამ 2016 წელს გააორმაგეთ. არაერთხელ გვქონდა ამაზე საუბარი პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსვლის დროს და ა.შ. რომ უნდა გაუქმდეს აქციზის გადასახადი იმისათვის, რომ ინფლაცია შეჩერდეს და ადამიანებმა გააგრძელონ ორი კაპიკის მიტანა ოჯახში, თქვენ კი ამაზე უარს ამბობთ. საუბარია 500 მილიონის შემოსავალზე ბიუჯეტში, რას უნდა დააკლოთ ეს დანახარჯები? – თქვენს ფუფუნების საგნებს, ბიუროკატებისთვის ხელფასებს და პრემიებს, კოორდინატორების ხელფასებს, რომლებიც მასიურად გყავთ დასაქმებული სხვადასხვა სსიპ- ებში და ა(ა)იპ-ებში. ბატონო ირაკლი, გაიგონეთ ხალხის ხმა. სოლიდარული ვარ იმ მოთხოვნების, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდა და გააუქმეთ აქციზის გადასახადი, ეს არის გამოსავალი ამ უმძიმეს პირობებში,”- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საწვავის ფასთან დაკავშირებით გამართული აქციის უკან ,,ნაციონალური მოძრაობა” დგას.