საქართველოში უკრაინის 20 000-მდე მოქალაქეა, გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში უკრაინიდან დაახლოებით 20 ათასამდე დევნილი იმყოფება. მისი თქმით, საქართველო მდიდარი ქვეყანა არაა, თუმცა ცდილობენ დევნილ მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნან.

,,ჩვენთან რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელია, დაახლოებით, 20 ათასამდე უკრაინის მოქალაქეზე განაცხადა უკრაინის საელჩომ თვითონ, ფიქსირდება, რა თქმა უნდა, შემოსვლებიც და გასვლებიც საზღვარზე, დაახლოებით, უნდა ველოდოთ, რომ 20 000-ის რანგში იქნება, ზუსტი მონაცემები ძალიან რთულია ახლა გვქონდეს”, – თქვა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მათთვის ძირითადად 2 ტიპის დაფინანსება აქვთ – სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო სექტორის დონაცია. მას არ დაუკონკრეტებია ვინ რა ნაწილის კონტრიბუციას ახდენს დევნილი მოსახლეობისთვის.

,,ბევრია მხარდაჭერის ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა აკეთებს სხვადასხვა უწყების მეშვეობით, ჩვენ გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ ამ თემასთან დაკავშირებით”, – თქვა მან.