არ მაქვს საფუძველი, ელჩობის კანდიდატურებთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებაში ეჭვი შევიტანო – ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ არ აქვს საფუძველი, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებაში ეჭვი შეიტანოს.

მისივე თქმით, საკითხს მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან გაარკვევენ.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით მთავრობამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ელჩობის რამდენიმე კანდიდატურა არ დაამტკიცა. ამის თაობაზე არაოფიციალური ინფორმაცია მეც მაქვს, ამიტომ არ მაქვს საფუძველი, მთავრობის განცხადებაში ეჭვი შევიტანო.

რაც შეეხება მიმოწერასა და ოფიციალურ ნაწილს, ალბათ ამას მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან გაარკვევენ. 12 გაგზავნილიდან 12 დანიშნულია, მაგრამ ამ 12-ის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დანიშნა. ეს ადამიანები დღესაც დიპლომატიურ სამსახურში არიან და არ მგონია სწორი, რომ მათი სახელები და გვარები უნდა გასაჯაროვდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.