შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 200 ფაქტი გამოავლინეს

1-31 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 11424 კოლოფის და 57 კილოგრამამდე უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა- რეალიზაციის 200 ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.  137 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 2   მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.

ერთ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. დანარჩენი 62 ფაქტი კი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.