რასაც ახლა ვხედავთ ირპენსა და ბუჩაში არის საშინელებათა სცენები – ჩვენ არ ვაპატიებთ იმას, რაც გაუკეთეს ჩვენს ქალაქებსა და მოსახლეობას – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვა ,,საშინელებათა ფილმის” სცენებს შეადარა.

,,რასაც ახლა ვხედავთ ირპენსა და ბუჩაში არის საშინელებათა სცენები. სამწუხაროდ, ისინი არ არის ფილმიდან, ეს არის რეალობა, საშინელი რეალობა, როდესაც ვხედავთ მშვიდობიან მოქალაქეებს ზურგზე შეკრული ხელებით. არ მესმის არცერთი ადამიანის, ვინც ამის გაკეთება შეძლო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მსგავსი ქმედებები მრავლად განახორციელეს უკრაინის სხვა ქალაქებშიც”, – თქვა კლიჩკომ.

ამასთანავე, კიევის მერმა აღნიშნა, რომ აგრესორმა ათასობით უკრაინელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს.

,,ჩვენ არ ვაპატიებთ იმას, რაც გაუკეთეს ჩვენს ქალაქებსა და მოსახლეობას”, – განაცხადა კლიჩკომ.

ცნობისთვის, 1-ელ აპრილს ქალაქ ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინტრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები.

ქალაქ ბუჩაში რუსული არმიის ერეთთვიანი ოკუპაციის შედეგად, 300 მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს მოკლული. მსხვერპლის ნაწილი მასობრივ საფლავებში, ნაწილი კი, ქუჩებში იპოვეს. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ნაწილი ნაწამები და გაუპატიურებულია. დახოცილნი არიან უიარაღო ადამიანები, რომელთაც ხელები ქონდათ შეკრული.