მძიმე მოსასმენია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებელია, ჰქონდეს არაკანონიერი დერეფნები, ველოდები კონკრეტულ მტკიცებულებებს – ხატია დეკანოიძე

ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებელია არაკანონიერი დერეფნები ჰქონდეს, რომელიც სანქციებში მოყოლილ პროდუქციას ხელს უწყობს, კონკრეტულ მტკიცებულებებს ველოდები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა,

დეკანოიძის თქმით, საქართველოს უკრაინასთან ორმხრივი თანამშრომლობა აქვს და ასეთი ინფორმაციის გაცვლა ორმხრივ ფორმატში უნდა მოხდეს.

„საქართველოს ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად მექნებოდა კონტაქტი უკრაინაში იმ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებთან, ვინც ამაზე საუბრობს. უკრაინასთან ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს და ასეთი ინფორმაციის გაცვლა ორმხრივ ფორმატში უნდა მოხდეს, ურთიერთანამშრომლობა უნდა შედგეს. ასევე სპეციალურად პატარა საგამოძიებო ჯგუფს შევქმნიდი, უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტებს მოვიწვევდი, თუ რა ინფორმაცია აქვთ და რატომ მოდის ასეთი მძიმე ინფორმაცია. საზოგადოებას ყველა ინფორმაციას საჯაროდ წარვუდგენდი. თუ ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმში იქნება გადასული და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ბრალდებებზე ისაუბრებს, ეს სერიოზულ ეჭვებს აჩენს. უკრაინელი ხალხის მიმართ წარმოუდგენელი გენოციდი ხდება, ეს ადამიანები არიან უმძიმესი სამხედრო აგრესიის მოწმე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს საქართველოს შიდა დაპირისპირებისთვის სცალია, ეს არის სრული აბსურდი. ამიტომ, კარგად უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. პროცესში ჩართონ უკრაინული მხარე და წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები, რადგან ეს არის ძალიან მძიმე ინფორმაცია ქვეყნისთვის. ის, რომ ეს ინფორმაცია შიდა დაპირისპირებაში გადაჰყავთ, ძალიან ფუჭი და აბსურდული განცხადებებია, რაც თავის მართლებაა უმრავლესობის მხრიდან. როცა ბრალდებაა, რომ თურმე, გია ლორთქიფანიძე სადღაც მუშაობს, ყველას შევახსენებ, რომ ის სამხედრო დაზვერვაში არ მუშაობს, ის მუშაობს სრულიად სხვა უწყებაში და მას არავითარი თანკვეთა და შეხება არ აქვს სამხედრო დაზვერვასთან. ეს არის ღია ინფორმაცია. საქართველოს ხელისუფლებას ღია კითხვას ვუსვამ – ჰქონდათ თუ არა მათ კომუნიკაცია თავის კოლეგებთან უკრაინაში, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ინფორმაციაზეა საუბარი?“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ​უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადების მიხედვით, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.