საქართველოსგან ველოდებით მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა რუსეთს არ დაეხმარონ სანქციების გვერდის ავლაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ცენზორ ნეტი“ ავრცელებს.

„ჩვენ რომ არ მოგვეხდინა გავლენა საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე, რომელთა გავლითაც რუსები ცდილობენ სანქციების გვერდის ავლის ორგანიზებას, ისინი ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთზე სანქციების გავლენა მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ვმუშაობთ პარტნიორებთან. ჩვენ თუ არ გვაქვს გავლენა ქვეყანაზე, ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც აქვს გავლენა მასზე და ამ გზით ვმუშაობთ, რომ ისინი არ დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

რაც შეეხება საქართველოს, ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“, – განაცხადა კულებამ.