გამოსავალი იქნებოდა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას ერთობლივად მიემართა ევროკავშირისთვის, რათა ევროკავშირმა საკუთარი ინსტრუმენტებით სიმართლე დაადგინოს – სალომე სამადაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას ერთობლივად მიემართა ევროკავშირისთვის, რათა ევროკავშირმა საკუთარი ინსტრუმენტების გამოყენებით სიმართლე დაადგინოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა სალომე სამადაშვილმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის კომენტარებისას განუცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, ბრალდება ძალიან მძიმეა და მისი დადასტურება იმას ნიშნავს, რომ ომში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხარეს დადგა.

,,საზღვრისა და საზღვარზე გასული ტვირთების კონტროლი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ აქვს გამოწვევები, სწორი იქნება დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართოს. ევროკავშირს საკუთარი ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში შეუძლია შესაბამისი მისია ძალიან სწრაფად დააორგანიზოს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრძალული ტვირთების მოძრაობის გაკონტროლებაში დაეხმარება. ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, რასაც ვერ ვხედავთ. რასაც ვხედავთ ეს არის საქართველოს ხელისუფლების თავდასხმა სასტიკ ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებისა და ქართული ოპოზიციის მიმართ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.