მარიუპოლის მერი: „ჩვენმა მარიუპოლის დამცველებმა შეძლეს შეუძლებელი და აკეთებენ შეუძლებელს იმ სასტიკი ომის პირობებში – მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერენ ჩვენს ერს”

„მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერენ ჩვენს ერს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერს და მარიუპოლელებს,” – ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ „პირველ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ბოიჩენკოს თქმით, უკრაინაში გახსნილი დახმარების ცენტრების მსგავსად, საქართველოშიც შესაძლებელია, მარიუპოლელებისთვის მსგავსი ცენტრი გაიხსნას.

„ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა პუნქტები, სადაც ხდება მარიუპოლელების დახმარება. შევქმენით ისეთი ცენტრები, სადაც მარიუპოლელები ეხმარებიან მარიუპოლელებს. ეხმარებიან სამედიცინო, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიური კუთხით. იქ მუშაობენ ფსიქოლოგები. ეს ისეთი ცენტრებია, რომლებიც არა მხოლოდ ეხმარებიან ამ ადამიანებს, არამედ აჩენენ იმედს, რომ ჩვენ დავბრუნდებით სახლში. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ასეთ შესაძლებლობას, რომ ასეთი ცენტრი გავხსნათ საქართველოში, რათა მარიუპოლელებმა მხარდაჭერა იგრძნონ საქართველოშიც.

მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერენ ჩვენს ერს. მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერს და მარიუპოლელებს,” – აღნიშნა მარიუპოლის მერმა.

რაც შეეხება „აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროების გამოყვანის შემდეგ სხვა სამხედროების ბედს, როგორც მერმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია.

„დღეს ეს თემა ძალიან დელიკატურია. მისია გრძელდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ერთი მარტივი მიზეზის გამო – ნებისმიერ რამეს, ნიავსაც კი, შეუძლია ოპერაციის შეჩერება. მოდით, ის დასრულდეს და შემდეგ გავიგებთ, რა მოხერხდა, რა არის პროცესში და ასე შემდეგ. ახლა მოცემულ მომენტში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ევაკუაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება, რაც აქვს დასახული უკრაინის პრეზიდენტს, ეს იყო, არის და იქნება ხალხის სიცოცხლის გადარჩენა. ყველა მისია, რაც განხორციელდა მარიუპოლიდან, ყველა ძალიან, ძალიან რთულია და ეს უბრალოდ უნდა გავიგოთ. ყველა ასეთი მისია, ყველა სიცოცხლე, რომელმაც მიიღო გაგრძელების შესაძლებლობა, მართვის ყველა ხაზის მუშაობის დამსახურებაა.

ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენმა მარიუპოლის დამცველებმა შეძლეს შეუძლებელი და აკეთებენ შეუძლებელს იმ სასტიკი ომის პირობებში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მარიუპოლი იყო, არის და რჩება უკრაინის ქალაქად, – ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ჩვენი უკრაინელი გმირების სიტყვებია. ჩვენმა გმირებმა დღეს შეასრულეს ბრძანება, არ გატეხეს ფიცი, გააკეთეს შეუძლებელი და ისინი იმსახურებენ, რომ იცოცხლონ“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა „პირველ არხთან”.