,,ისტერიკული შეძახილები, რომ მომხსნიან „იუნესკოს” ელჩობიდან, ზეწოლაა ჩემზე – ვინ მისცა მაგათ უფლება, მე ვარ უკვე ელჩი და ვერ ჩამომართმევენ” – ელისო ბოლქვაძე

არ მესმის ეს ისტერიკული შეძახილები, რომ მომხსნიან „იუნესკოს” ელჩობიდან, ესეიგი ეს ზეწოლაა ჩემზე – ვინ მისცა მაგათ უფლება, არავის მიუცია, მე ვარ უკვე ელჩი და ვერ ჩამომართმევენ, ეს მინდა კარგად გაითავისონ, – ასე პასუხობს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის კრიტიკას, რომლებიც კულტურის სამინისტროს ჩაკეტილობაზე, ავტორიტარიზმის ნიშნებსა და კულტურის სფეროში რეპრესიებზე საუბრობენ.

ელისო ბოლქვაძის თქმით, არსებობს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტს შეუძლია მათ მოუსმინოს, თუმცა, არის საკითხები, სადაც ვერ ჩაერევიან.

„არის საკითხები, რომელშიც კულტურის კომიტეტს შეუძლია რაღაც მოისმინოს, მაგრამ არის საკითხები, რაზეც კულტურის კომიტეტი ვერაფრით ჩაერევა მინისტრის საკადრო პოლიტიკაში, ეს კარგად უნდა გავითვალისწინოთ. როცა საუბარი მიდის ისეთ პრობლემებზე, რომ საკითხი პროკურატურაში იხილება, სასამართლოა და ა.შ. ამ საკითხებს საპარლამენტო ტრიბუნიდან ვერაფრით ვერ ჩაერევით. მე არ ვფიქრობ, რომ საერთოდ კულტურის სამინისტრო უნდა იყოს ღია ორგანიზაცია, არ არის სამინისტრო ღია ორგანიზაცია. არ მესმის, ეს ისტერიკული შეძახილები, რომ მე მომხსნიან იუნესკოს ელჩობიდან, ესეიგი ეს ზეწოლაა ჩემზე, რომ მე თუ ამას არ გავაკეთებ, მაშინ მე მომხსნიან, ჯერ ერთი, ვინ მისცა მაგათ (უფლება), არავის მიუცია არავისთვის ამის უფლება, მე ვარ უკვე ელჩი და ვერ ჩამომართმევენ, ეს მინდა კარგად გაითავისონ იმ ადამიანებმა, ვინც სოციალურ ქსელში დაიწყო ასეთი ზეწოლა, რაც ჩემთვის ღიმილისმომგვრელია”, – განაცხადა ბოლქვაძემ.