ბზობის დღესასწაულის მოახლოების გამო, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

სამინისტროს ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

„ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს; თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება“, – აღნიშნავენ სამინისტროში.

ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს.